ჩამოხეული, კედლებ ჩამოგლეჯილი, ძველ-სულ-შემონახული, ობობის ქსელებიანი, პატარ-პატარა მწერებიანი, ბინდიანი, ორი,არა, სამი მუდმივი მკვიდრით: მოსიარულე (ოღონდ სხვა პლანეტაზე), ოდნავ ნასვამი, მაგრამ სულ გამომთვრალი, გამოცლილი, და ერთგული ოთხფეხა.
ურსულას ხელს მოკლებულ ბუენდიების სახლს მაგონებდა, მტვერს შეეჭამა მოგონებები, თუმცა მათი ლანდი ჯიუტად, აქა-იქ იელვებდა, მზის სხივებზე ჰაერში ნავარდობდა, ჩრდილში იკარგებოდა და სახეზე სევდიან ღიმილს მგვრიდა.
გარეთ.
მოსიარულე, უემოციო. მექანიკური არსებებით სავსე ქუჩა. თვალებში ბნელა, ჰაერში სიცარიელე, ირგვლივ ყრუ სიჩუმე.
აქა-იქ: მეზობლის წყევლა-კრულვა, ჭაში ჩადგმული ”მატორის” ხრიგინი, რომელიც ისედაც დამშრალ ჭას სულ აშრობს,და სილანარევი წყალი ამოაქვს, ესეც მოგონებებით გაბიდნული, გაუვალი.
შიგნით.
ის რაც ხელს მკრავდა უკან მითრევს, ცოტაც და ხელს მოვაწერ ჩარჩენაზე.
მაგრამ პირსაბანთან ჭის წყალ შესხმული ვფხიზლდები, გამოვრბივარ.
თუმცა, დამშვიდობების ჟამს ავდივარ იქ, საიდანაც წელიწადზე ოდნავ მეტია რაც დავეშვი, დავიმსხვერი.
შემდეგ მთელი ჩემი მონატრება ხუთ წუთიან ცრემლდენაში ჩავტიე, ხმამაღალში. იქვე მჯდომმა, გაყინული ქვის მზით გამთბარ სურათს ხელი გადავუსვი, ცრემლი მოვიწმინდე და წამოვედი.
მომავალ შეხვედრამდე!